ელექტრონული სამთავრობო რესურსების ვებ-გვერდის პრეზენტაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ახალი საიტის გაშვების შესახებ განაცხადა.

ახალი საიტი წარმოადგენს საქართველოს სამთავრობო ელექტრონული სერვისების ვებ-პორტალს, სადაც შესაბამისი კატეგორიის მომხმარებელს (მოქალაქე, მეწარმე, სახელმწიფო მოხელე) შესაძლებლობა ექნება მარტივი და ადვილად აღსაქმელი სანავიგაციო მენიუების მეშვეობით მოიძის მისთვის საინტერესო ესა თუ ის სერვისი.


საიტის გამოყენებით ნებისმიეირ მომხმარებელს საშუალება ექნება ელექტრონული ფორმით, ინტერაქტიულ გარემოში დაამყაროს ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ისარგებლოს მისთვის საინტერესო მომსახურებით.

"თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ელექტრონული მმართველობის განვითარებას, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის ამა თუ იმ სამთავრობო სერვისის ელექტრონული ფორმით შეთავაზებას.  სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დღეისათვის ელექტრონული სერვისების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდა.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სერვისების არეალის გაფართოება აქტიურად მიმდინარეობს.  ჩნდება ახალი მომსახურებები, იხვეწება უკვე არსებული.  აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვექმნა უნიფიცირებული ვებ-პორტალი, სადაც თავს მოვუყრიდით უკვე არსებულ ნებისმიერ სერვისს.  უნდა ითქვას, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია სამთავრობო ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების მხრივ.  ეს კი შედეგია იმ რეფორმისა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის რაც შეიძლება გამარტივებული ფორმების შეთავაზებას, რაც თავის მხრივ ზოგავს სახელმწიფოს რესურსებს,  მომხმარებლებისთვის კი კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესს." - განაცხადა ირაკლი გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.
 

პრეზენტაციაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე უძღვებოდნენ, დეტალურად იქნა აღწერილი ვებ-გვერდის უპირატესობები და მათი გამოყენების საშუალებები.  ვებ-გვერდი მუდმივი განახლების რეჟიმში იმუშავებს და თითოეული ახალი ელექტრონული სერვისის გაშვების პარალელურად ინფორმაცია მომენტალურად აისახება საიტზე.